უკრაინელი სტუმრები ლიცეუმში

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ,,etwinning’’-ის პროგრამის ფარგლებში პროექტი - ,,არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ლიცეუმს უკრაინიდან ზაპოროჟიეს სამხედრო სასწავლებლის დირექტორი, პოლკოვნიკი ნიკოლაი სტრელნიკოვი, მასწავლებლები და კადეტები ესტუმრნენ.

  ვიზიტის პირველ დღეს მათ ლიცეუმის ხელმძღვანელებთან ერთად ლიცეუმის ინფრასტუქტურა დაათვალიერეს და ხეები დარგეს. მოგვიანებით, ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების პირობები გააცნო.

  ზაპოროჟიეს სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია კი სასწავლებლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი სტრელნიკოვმა გამართა. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნები საგანმანათლებლო კუთხით გააცნეს. დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უკრაინელი სტუმრები, ქართველ მეგობრებთან ერთად გელათსა და მოწამეთას ეწვივნენ.

   სტუმრები ლიცეუმში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაგეგმილია ექსკურსიები სათაფლიაზე, პრომეთეს მღვიმეში, ბაგრატის ტაძარზე, ბოტანიკურ ბაღში, სამეფო უბანსა და ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ზაპოროჟიეს სამხედრო სასწავლებლისა და ლიცეუმის კადეტები ერთობლივად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესებში. უკრაინელი კადეტების საქართველოში ვიზიტის აღსანიშნავად კონცერტიც გაიმართება.

   ,,eTwinning - ის პროგრამა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შექმნილია ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

ფოტო გალერეა