დღეს ლიცეუმში ინტელექტუალური თამაში -„ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სამხედრო მოსამსახურეები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
თამაშში მონაწილეობდნენ პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფებისგან დაკომპლექტებული გუნდები: “ფენიქსი“, “ფალკონი“, “არწივები“,“ძერა“ და “შევარდენი“.
თამაში ხუთი რაუნდისაგან შედგებოდა, რომელიც კაპიტნების ტურსაც მოიცავდა. გეოგრაფიულ თემატიკაზე შედგენილი კითხვები არასაპროგრამო მასალის ცოდნას მოითხოვდა.
ინტელექტუალურ ჭიდილში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „შევარდენმა“. ჟიურიმ ასევე გამოავლინა საუკეთესო მოთამაშე კადეტი დავით ჯიმშიტაშვილი.
თამაშის დასასრულს კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაიორმა ბექა კელენჯერიძემ მიმართა. მან მსგავს ღონისძიებაში კადეტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულ გუნდს წარმატებები უსურვა.
გამარჯვებული გუნდის წევრები სიგელებით დაჯილდოვდნენ, საუკეთესო მოთამაშე კადეტს კი სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
თამაში ლიცეუმის გეოგრაფიის მასწავლებლის მურმან სურმავას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.