თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სწავლის დაწყება და 6 წლის იუბილე მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის დაარსების 6 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

    საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

   კადეტებს სამხედრო ლიცეუმის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და კადეტი გოგონებისთვის სპეციალური სტიპენდიის დაწესებაზეც ისაუბრა.

   „წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნის სადარაჯოზე. აქედან მინდა გითხრათ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, რომ ეს ქვეყანა ძალიან ძლიერია. ძლიერია თავისი წარსულით და ძლიერია თავისი მომავლით, თავისი ტრადიციებით, რომელთანაც არასდროს წყვეტს კავშირს. გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი. ასე, ტრადიციულად, ისტორიულად, ქართველი ქალი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველი კაცის გვერდით იდგა.

    საუკუნეების წინ დაწესებული სტანდარტი - ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო. მინდა გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და სულიერი თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, გოგონებისთვის ლიცეუმში დავაარსო საგანგებო სტიპენდია. დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში თქვენს ძლიერ და მტკიცე დგომას განაპირობებს“,- განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კადეტთა ლიცეუმის მსმენელებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ლიცეუმის წვლილზე ისაუბრა.

   „დღევანდელ დღეს, 15 სექტემბერს ორმაგი დატვირთვა აქვს ლიცეუმში. პირველი ის, რომ, ზოგადად, საქართველოში იწყება სასწავლო პროცესი და თქვენც იწყებთ სწავლას და, მეორე, რაც მნიშვნელოვანია, არის თქვენი იუბილე. აქ სწავლას, სწორედ, ორმაგი დატვირთვა აქვს - თქვენ აყალიბებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას თქვენი ქვეყნის წინაშე, როგორც ყველა სხვა სასწავლებელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების მიღებასთან ერთად, აქვთ პასუხისმგებლობა, ჩამოაყალიბონ კანონმორჩილი, პატრიოტი მოქალაქეები. ამ ქალაქში სწავლობდა ერთი დიდი მეცნიერი, რომელმაც ამ პროცესს უწოდა მოქალაქეობრივი განწყობის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია საქართველოს ღირსეული მოქალაქე, ეს სკოლა ღირსეულად ატარებს თქვენი ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სკოლამ ასევე უნდა ჩამოგიყალიბოთ განწყობა უმრავლეს თქვენგანს, რომ თქვენს ქვეყანას ემსახუროთ ოფიცრებად. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდით ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებრივია, გააზრებული გქონდათ, თუ რა დიდ სამსახურს ეწევით თქვენი ქვეყნისთვის მომავლისთვის. ამ გადაწყვეტილებას იღებთ, სწორედ, იმ ასაკში, როდესაც ინდივიდი ჩამოყალიბებას იწყებს. ამიტომ, ეს გააზრებული გადაწყვეტილება, მზაობა, რომ ემსახუროთ ქვეყანას, იყოთ ღირსეული გამგრძელებლები იმ ტრადიციებისა, რომელსაც ჩვენი ოფიცრები ატარებდნენ და ატარებენ, არის მართლაც დასაფასებელი“, - მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კადეტებს და აღნიშნა, რომ კადეტთა ლიცეუმი მსმენელებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდეთ აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით და დრო რაციონალურად გაანაწილონ.

    გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი, საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და მსმენელებს წარმატებები უსურვა.

კადეტთა ლიცეუმში გამართულ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წარმომადგენლები, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და სამხედრო ლიცეუმის კადეტების მშობლები დაესწრნენ.

    სამხედრო ლიცეუმში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 8 გოგონაა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 390-მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.

ფოტო

ვიდეო