თანამდებობრივი გადაადგილებისა და თადარიგში გასვლის ცერემონიალი

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დირექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ ზაზა კახიძის თადარიგში გასვლისა და მთავარი სერჟანტის, იაკობ მარუაშვილის გადანიშვნის ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ქვედანაყოფების სერჟანტები და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ. დასაწყისში ლიცეუმის დირექციამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას, შემდგომ კი სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას. ,,წარმატებას ვუსურვებ მთავარ სერჟანტ იაკობ მარუაშვილს, რომელიც აქტურად იყო ჩართული ახალშობილი ორგანიზაციის-კადეტთა სამხედრო ლიცეუმის_ მშენებლობაში. ლიცეუმი დროსთან ერთად ვითარდება და იხვეწება. ამ პროცესში აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა თითო აგური დადოს. აღმშენებლობის გზაზე არაერთი აგური აქვს დადებული ბატონ იაკობს. საკუთარი გამოცდილებით მან ბევრი რამ შესძინა ლიცეუმს და საინტერესო ტრადიციებიც დაგვიტოვა. პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ 30 წელი იმსახურა, რაც ნამდვილად არ არის მარტივი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს საკუთარ გამოცდილებას თადარიგიდანაც გაუზიარებს,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მადლობა გადაუხადა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძების ორგანიზებისათვის, რომელიც დღეიდან ტრადიციად დამკვიდრდება. დასასრულ საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი შედგა. გენერალური შტაბის უფროსის სახელით შეიარაღებული ძალების სერჟანტმა საჩუქარი გადასცა იაკობ მარუაშვილს. მას და პოლკოვნიკ ზაზა კახიძეს, ასევე, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექციისაგან.

ფოტო გალერეა