საინფორმაციო შეხვედრა საჩხერის სკოლების მოსწავლეებთან

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა.

   მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა: ნინი სადუნიშვილმა და ავთანდილ ჩადუნელმა- წარუდგინეს. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მსმენელებს ლიცეუმის მიზნების, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ.

   მოგვიანებით ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე ახალგაზრდებს იმ გარემოებებზე ესაუბრა, რომლებიც ლიცეუმს გამოარჩევს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატში შესულ ცვლილებებზე, იმ სასწავლო და ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე, რომლებიც ლიცეუმში უახლოეს მომავალში იგეგმება.

   ,,ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად ორიენტირებულნი იყვნენ სწავლაზე, რათა შევძლოთ საბოლოო მიზნის მიღწევა. ჩვენი მიზანია აღვუზარდოთ ქვეყანას განათლებული, ღირსეული, თავდაჯერებული და კონკურენტუნარიანი მომავალი თაობა,“- განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულ მსმენელთა შეკითხვებს ლიცეუმის დირექტორმა და პირველის სასწავლო კურსის უფროსმა, კაპიტანმა გენადი ჯიბლაძემ უპასუხეს. მოზარდების შეკითხვები შეეხო როგორც ლიცეუმში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამხედრო ფორმასა და სამკერდე ნიშნებსაც. საჩხერის სკოლების მოსწავლეებთან ლიცეუმის წარმომადგენლების ვიზიტი ბუკლეტების დარიგებითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. 

   საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, სამტრედიის, ბაღდათის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, გარდაბნის, ახალქალაქის, თიანეთის, მარტვილისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა