პრეზიდენტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

   საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სამხედრო სასწავლებელში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ უმასპინძლა. 

   პრეზიდენტთან ერთად სამხედრო ლიცეუმში ასევე იმყოფებოდნენ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე. 

   ქვეყნის პირველ პირს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ დაათვალიერებინა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ლიცეუმში სპორტული დარბაზი, კადეტთა საცხოვრებელი კორპუსი, კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და კადეტთა სასწავლო პროცესსაც გაეცნო. 

   ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ლიცეუმის მსმენელებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრა კადეტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ვარშავის სამიტს, აგვისტოს ომს, რეგიონში შექმნილ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. 

   პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეივსება. საქართველოს პრეზიდენტს კადეტთა სასწავლებლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. გიორგი მარგველაშვილს პედაგოგებმა ასევე აცნობეს, რომ სექტემბრიდან ლიცეუმში სწავლას გოგონებიც შეძლებენ.

ფორო გალერეა

ვიდეო