9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ.
 
კადეტებმა ლიტერატურული წარმოდგენით -“მზიანი ღამე“ პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. წარმოდგენილი მცირე ინსცენირებით, ისტორიულ-დოკუმენტური და ფოტო-ვიდეო მასალებით გააცოცხლეს 9 აპრილის მოვლენები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
“ამაღელვებელია როცა კადეტებს აბსოლუტურად ზუსტად და სწორად მოაქვს აუდიტორიამდე მთავარი სათქმელი, ის მუხტი და სულისკვეთება, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს გააჩნდათ ქვეყნის თავისუფლებისთვის. აუცილებელია თაობებმა, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა დაწერონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იცოდნენ საქართველოს ისტორიის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თარიღი, პატივს მიაგებდნენ გმირებს, რომლებიც არიან მაგალითნი ერთობის, სამშობლოსათვის თავდადების, სიყვარულის“- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
 
ლიტერატურული წარმოდგენა მასწავლებელ ქალთამზე მელქაძის იდეითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა. ღონისძიების ლიტერატურულ და ტექნიკურ მხარეზე მუშაობდნენ პედაგოგები: ელენე კოხრეიძე და ქეთევან ფესტვენიძე.