მიკსიკე საქართველოში 2018

  კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო მათემატიკური კონკურსის, "პრანგლიმინეს" ფინალურ ტურსა და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი გენადი მარგველაშვილი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა, კონკურსის ესტონელი და ქართველი ორგანიზატორები დაესწრნენ. ოლიმპიადა საქართველოს კოორდინატორმა ხათუნა ციხელაშვილმა და ოლიმპიადის ესტონელმა ორგანიზატორმა მილა პილვმა გახსნა. ქალბატონმა ხათუნამ კონკურსანტებს შეჯიბრების წესები გააცნო, წარმატებები უსურვა და ესტონელი ელჩის ვიდეო მიმართვაც წარუდგინა.

  შეჯიბრების დაწყებამდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა მოწვეულ სტუმრებსა და მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარმოუდგინეს, გააცნეს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები. დასასრულ კი მათ შეკითხვებს უპასუხეს და ლიცეუმის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერებინეს.

  მათემატიკური კონკურსი "პრანგლიმინე" არის ონლაინ შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც "მიკსიკეს" საგანმანათლებლო პლატფორმაზე ტარდება. იგი ესტონეთის მიერ უკვე 15 წელია, რაც ხორციელდება და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. შეჯიბრებაში, ასევე, მონაწილეობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

  დღეს კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ორმოცდაათამდე მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტი დათო ლეკვეიშვილი. შეჯიბრების ფორმატიდან გამომდინარე, კონკურსანტები ერთმანეთს ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში დაუპირისპირდნენ. პაექრობა, რომელსაც საკონფერენციო დარბაზიდან გულშემატკივრები აკვირდებოდნენ, ონლაინ რეჟიმში"მიკსიკეს" საგანმანათლებლო პლატფორმაზე მიმდინარეობდა, შედეგებიც გამჭვირვალედ ოლიმპიადის დასრულებისთანავე ყველასათვის იყო ცნობილი.

  ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა და ლიცეუმის ხელმძღვანელობამ მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. დღეს ასევე დაჯილდოვდნენ "მიკსიკეს" საგანმანათლებლო პლატფორმაზე ჩატარებული ვიქტორინის ,,რა ვიცით ესტონეთის შესახებ“ გამარჯვებულები. მათ შორის იყვნენ ლიცეუმის მასწავლებელი ეკა მურუსიძე და კადეტები: გიგი ფანჩვიძე, ოთარ კუხიანიძე, ანი გორგაძე, ლუკა უკლება, ზაურ სოსელია.

ფოტო გალერეა