კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და ლიცეუმის 7 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ლიცეუმის იუბილე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ პირადად მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესთან დაკავშირებით, დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე მედლით „გენერალი კვინიტაძე“, ხოლო სერჟანტი ზვიად მაღლაკელიძე მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვა. გამოვლინდა 2016-2017 სასწავლო წლის საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი, საუკეთესო მასწავლებელი და საუკეთესო ინსტრუქტორი, რომლებსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების 12, საუკეთესო მსროლელის სტატუსის მქონე 10 და საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე 3 კადეტი.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს კადეტები ლიცეუმის მოძღვარმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 562 დარეგისტრირებული მოსწავლიდან მხოლოდ 126 ჩაირიცხა, მათ შორის - 25 გოგო.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის ლიცეუმს უკვე ექვსი გამოშვება ჰყავს. კურსდამთავრებულებს შორს 20 ოქროს და 15 ვერცხლის მედალოსანია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

ფოტო გალერეა

ვიდეო