დაჯილდოების ცერემონიალი

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექცია, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა და ლიცეუმში მოქმედ სამოტივაციო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მასწავლებლებს საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის საპატიო ჯილდო - გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურები გადასცა და მათ წარმატებები უსურვა.

მოგვიანებით სამხედრო ინსტრუქტორები კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მედლებით, კადეტები კი სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, გამოვლინდებიან საუკეთესო პედაგოგები, ინსტრუქტორები, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და საუკეთესო მსროლელი კადეტები. 2020-2021 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით 3 პედაგოგი, 3 ინსტრუქტორი და 75 კადეტი დაჯილდოვდა.

ღონისძიების დასასრულს მეორე სასწავლო კურსის კადეტ მალიმა ჩიხლაძის ნახატებით ილუსტრირებული, ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილი ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა.

ფოტო გალერა