ანა დოლიძის სტუმრობა ლიცეუმში

   საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კადეტთა ლიცეუმის პედაგოგებთან სასწავლო პროგრამის, ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

   პედაგოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძე კადეტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და საგანმანათლებლო საკითხებით დაინტერესდნენ.

   "განათლებული ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი საქართველოს განსავითარებლად - ჩვენი მომავალის მთავარი დასაყრდენი.

   შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პედაგოგიური მეთოდების დანერგვა, პედაგოგების მოსაზრებების მოსმენა, ახალგაზრდებისთვის იმის ახსნა, რომ ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს საშუალება, მივცეთ მათ საუკეთესო ცოდნა და განათლება, რომ ჩამოყალიბდნენ მაღალი უნარების მქონე სამხედროებად. სწორედ, ამ მიზნით ჩამოვედი აქ. ეს შეხვედრა არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ჩვენ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პირებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის."

◖ანა დოლიძე◗