კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აშშ-ის ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტთან თანამშრომლობას იწყებს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და ლიცეუმის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი ძინძიბაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტში.
პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტის პრეზიდენტთან გენერალ-მაიორ ჯერი გრიზლისთან და მისი სამეთაურო შტაბის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გააცნეს სასწავლებლების სპეციფიკა და ისაუბრეს სამომავალო თანამშრომლობის ეტაპებზე.
მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და კადეტთა გაცვლითი პროგრამების საკითხები. შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ კადეტთა გაცვლით პროგრამებზე.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მასპინძელი მხარე მოიწვია კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. გაცვლითი პროგრამის პირველ ეტაპზე ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტის კადეტები ჩამოვლენ ლიცეუმში და მიიღებენ დაგეგმილ სასწავლო პროექტებში მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრა ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით გაგრძელდა.
პირველი სამუშაო დღე გენერალ-მაიორ გრიზლის ოჯახში ოფიციალური ვახშმით დასრულდა.