გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოფენა ლიცეუმში

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…” - ამ სიტყვებით გაიხსნა „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართული გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოგამოფენა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. სამხედრო სასწავლებელში გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, ხელნაწერები, ჯილდოები და პირადი ნივთებიც გამოიფინა.

   სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი ახალგაზრდებს „ცოდნის კვირეულის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევა სწორედ განათლებითა და ცოდნითაა შესაძლებელი.

   „თავდაცვის სამინისტროში გრძელდება „ცოდნის კვირეული.“ კვირეულის არსია, ხაზი გავუსვათ, რომ ცოდნა არის მთავარი ფასეულობა, რითაც სამხედრო მოსამსახურე აღწევს პირად და კარიერულ წარმატებას. ამით ჩვენი უწყება აღწევს წარმატებას და ჩვენი სახელწმიფო აღწევს გამარჯვებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.   

   მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტებთან ერთად ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა საითიძემ მათ საჯარო ლექცია „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ წაუკითხა.

   დღესვე კადეტთა ლექსების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელების მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.

   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით  ახორციელებს.

ფოტო გალერეა

ვიდეო