უკრაინელი კადეტები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ 06/21/2019 12:00 AM

   დღეს უკრაინელი კადეტებისათვის პრაქტიკული საველე სწავლების ერთკვირიანი კურსი დასრულდა. მათ კურსის დასრულება ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიულოცა და ერთობლივ სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა. პოლკოვნიკმა მათთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სასწავლებელი პროექტში ჩართულობისათვის სერტიფიკატით დააჯილდოვა. “მადლობელი ვარ, რომ ქართველ ხალხთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომეცა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ჩვენივე სასწავლებლის -„ზახისტნიკის“ ტიპისაა და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი სწავლებების ჩატარება. სასწავლო პროგრამა ძალიან კარგად იყო შედგენილი, ჩვენმა კადეტებმა გაიარეს ძალიან კარგი მომზადების კურსი, რაც მნიშვნელოვანია მომავალი სამხედროებისათვის. ვაფასებ თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალ დონეს, მადლობა კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თბილი მიღებისათვის“- განაცხადა უკრაინელი კადეტების ხელმძღვანელმა, თადარიგის მაიორმა ოლეგი ბობროვსკიმ. “ინტენსიური და დატვირთული სწავლება გვქონდა. ბევრი რამ მივიღე ამ მეცადინეობებისაგან. საუკეთესო კვირა იყო ჩემთვის. შევიძინე მეგობრები, მომწონს საქართველო და მაქვს სურვილი კვლავ ვესტუმრო“- განაცხადა სერგეი გოლუბიევი. უკრაინელი კადეტები ერთი კვირის განმავლობაში ჩართული იყვნენ ლიცეუმის პრაქტიკულ საველე სწავლებაში. სწავლება კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო სპორტულ სასწავლებელ „ზახისტნიკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა.

ფოტო გალერეა