თავდაცვის ძალების დღე 07/25/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში თავდაცვის ძალების დღე გაიმართა ბანაკის მეორე ნაკადის მოსწავლეებისათვის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა "დიდგორი“. გამოფენის შემდეგ ახალგაზრდებს მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, უფროსმა სერჟანტმა გაგა გელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ახალგაზრდებთან შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ბანაკის მოსწავლეთა შორის საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებიც არიან. მათ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატეს ქართველი სამხედროების მიმართ. „ ჩემი სახლიდან კარგად ჩანს სხვა ქვეყნის ჯარი როგორ დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ეს ძალიან დიდი ტკივილია. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, როცა ვხედავ მათ, იმედით ვივსები. ვიცი, რომ ჩვენ ძალიან კარგად მომზადებული, ძლიერი ქართული ჯარი გვიცავს“ - თვალცრემლიანმა აღნიშნა, ბანაკის მონაწილე ნინო მუთიძემ. მოგვიანებით საინტერესო ლექციაში ლიცეუმის მაიორი გიორგი ცუცქირიძე და სერჟანტი ლერი წითაძე ჩაერთო, რომელიც ბანაკის მონაწილეებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზე ესაუბრა.

ფოტო გალერეა