სპეციალური ოპერაციების ძალების იმიტირებული სწავლება. 06/25/2018 12:00 AM

   საველე ბანაკში კადეტებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფმა იმიტირებული სწავლება ჩაატარა. სწავლების პირველ ნაწილში ნაჩვენები იქნა მტრის განეიტრალების ოპერაცია, რომელშიც უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. მეორე ნაწილში კი კადეტებიც ჩაერთვნენ. ისინი მონაწილეობდნენ შენიღბვის, ჩასაფრებისა და თავდასხმის სწავლებებში. ,,სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩვენთვის ჩაატრა სწავლება, გვაჩვენეს თუ როგორ ხდება მტრის განეიტრალება, მონაწილეობა მივიღეთ 4 კმ მარშში, სადაც მათ მოწყობილი ჰქონდათ ჩასაფრება, ფუჭი ტყვიებით თავდასხმა მოახდინეს და გვასწავლეს მანევრი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მტრის წინააღმდეგ. ეს იყო ძალიან საინტერესო სწავლება, მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. მოხარული ვარ, რომ მე გავიარე აღნიშნული კურსი“- განაცხადა კადეტმა ანი სილაგაძემ. ,,მათთან მუშობა იყო განსაკუთრებული, მე მათზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, მეგონა თავიათი პროფესიიდან გამომდინარე იყვნენ პირქუშები, მაგრამ არა, იყვნენ ძალიან თბილები, მეგობრულები, უშუალოები. მე პირადად მონაწილეობა მივიღე ჩასაფრებაში, ჩამაცვეს მასხალათი, მომცეს მითითებები. ცეცხლის გახსნა უნდა დამეწყო ყუმბარის ხმის შემდეგ. იყო ხშირი გულისცემა, ველოდებოდი როდის დაიწყებოდა მოქმედებები, ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ვიდრე სროლა დაიწყებოდა რამდენიმე კადეტმა ჩემთან ძალიან ახლოს ჩაიარა, ფაქტობრივად თავალებში მიყურებდნენ მაგრამ ვერ შემამჩნიეს, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა. ავტეხეთ ფუჭი ტყვიებით სროლა, ხმაურისა და ალიაქოთის შემდეგ, როცა უკვე ვაზნა აღარ მქონდა დამადგნენ თავზე. არ მეგონა თუ ასეთი საინტერესო იქნებოდა საველე სწავლება, ჩვენი სერჟანტები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოგვბეზრდეს აქ ყოფნა.“ - კადეტი ნიკოლოზ ზაზიაშვილი. ,,სწავლების შემდეგ მივხვდი, რომ მინდა ვიყო ისეთი ძლიერი გუნდის წევრი, როგორიც სპეციალური ოპერაციების ძალებია.“ -კადეტი მარიამ ლილუაშვილი. ,,როცა სწავლება იწყებოდა სერჟანტს უთხრეს, რომ ოთხი გასაიდუმლოებული კადეტი უნდა შეერჩიათ. ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი, გამიხარდა თუმცა, ვნერვიულობდი, სერჟანტმა ნდობა გამომიცხადა და არ მინდოდა რაიმე არასწორად გამეკეთებია. ოცდაათი წუთის განმავლობაში, ვიყავი სპეცრაზმთან ერთად, ასე ვთქვათ ცხელ წერტილში. ეს იყო ძალიან დიდი ექსტრემი, დასამახსოვრებელი წუთები“- კადეტი დავით ენდელაძე. პრაქტიკული სწავლებების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს. პრეზენტაციამ, ისევე როგორც სწავლებამ კადეტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც გამოიხატა კიდევაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში. რამდენიმე მათგანმა სურვილიც კი გამოთქვა გახდეს სპეციალური ოპერაციების ძალების წევრი. პრეზენტაცია ტექნიკის გამოფენა-დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა