დაჯილდოების ღონისძიება 06/17/2022 5:50 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგადი უნარების გრძელვადიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
 
დაჯილდოების ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გაიმართა და მას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, ცენტრის წარმომადგენლები, ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. მათ ყურადღება პროფესიული გადამზადების მნიშვნელობასა და ურთიერთთანამშროლობის საკითხებზე გაამახვილეს.
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში, ეფექტური კომუნიკაცია და მოტივაცია“ ლიცეუმის 40-მა მასწავლებელმა და სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია დაათვალიერეს. დაწესებულების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ლიცეუმში „STEM” მიმართულების განვითარებას. დაიგეგმა მასწავლებელთა გადამზადება როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ შესაბამის ცენტრებში.
 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზე ლიცეუმის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად ღებულობენ კადეტთა სწავლა-განვითარებაში მონაწილეობას, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს გადიან.
 
ფოტო გალერეა