სერჟანტებმა ინსტრუქტორთა მომზადების კურსი გაიარეს 07/13/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამხედრო ინსტრუქტორის სპეციალისტთა მომზადების პროგრამის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები და პედაგოგიური პერსონალი ესწრებოდნენ. ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კურსდამთავრებულებს კურსის წარმატებით გავლა მიულოცა. მან ყურადღება კვალიფიციური ინსტრუქტორების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ,,ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ლიცეუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეთა რიგებს შეემატა კვალიფიციური ინსტრუქტორები. ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგანაც ვართ ისეთ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც იზრდებიან მომავალი ლიდერები, რომლებიც სულ მალე იქნებიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.“-განაცხადა მან. სიტყვით გამომსვლეთა შორის იყო პროგრამის კურსდამთავრებული უფროსი სერჟანტი ლერი წითაძე. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლიცეუმის დირექტორს აღნიშნული სწავლების მხარდაჭერისათვის ასევე, საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორთა მომზადების კურსის უფროსს მაიორ შალვა ლიპარიშვილსა და მის გუნდს. ,,სწავლების პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ახალი მიგნებებით, ახალი თემატიკით დატვირთული. კიდევ ერთხელ, თვალნათლივ დავინახეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული მოსამსახურე ფეხს უწყობდეს თანამედროვე გამოწვევებს, თავის საქმიანობაში აქტუალურად განიხილავდეს და ახორციელებდეს ყველა საჭირო და მიზნობრივ სიახლეს“-უფროსი სერჟანტი ლერი წითაძე. ღონისძიების დასასრულ გადამზადებულ ინსტრუქტორებს კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

ფოტო გალერეა