საახალწლო ღონისძიება 12/29/2022 1:29 PM

დღეს ლიცეუმში კადეტთა საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საახალწლო ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები, კადეტები და კადეტთა მშობლები დაესწრნენ.

ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამსწრე საზოგადეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული პროგრამა წარმოადგინეს და ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნეს.
კადეტთა მშობლებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი კულტურული ღონისძიება და მადლიერება გამოხატეს ლიცეუმის მიმართ.

“აღფრთოვანებული ვარ, ემოციებით დატვირთული. საოცარი, უნაკლოდ ორგანიზებული ღონისძიება წარმოადგინეს კადეტებმა. ნიჭიერების ზეიმი იყო დღევანდელი დღე. მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი ბავშვია ერთ სივრცეში, რომლებიც მეგობრულად და სიყვარულით უზიარებენ თავიანთ ცოდნას ერთმანეთს. ნამდვილად ამოუწურავია ის შესაძლებლობები, რასაც ლიცეუმი სთავაზობს ჩვენს შვილებს. რაც მთავარია, თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად უწყობს მათ ხელს მოახდინონ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის მომავალი ვანდე ლიცეუმს“ - ლელა რობაქიძე.

საახალწლო ღონისძიების პრემიერა 28 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა.

კადეტთა საახალწლო ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს. ღონისძიებას ხელმძღვანელობენ ლიცეუმის მუსიკის მასწავლებელი ნინო გედენიძე და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია. დეკორაცია და გაფორმება ეკუთვნის ხელოვნების მასწავლებელს თეა სულაბერიძეს.

 

ფოტო გალერეა