გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. დღეს, კადეტები ლიცეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად დმანისში, მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სამხედრო სასწავლებლის ისტორია, სტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და საყოფაცხოვრებო პირობები პრეზენტაციის სახით გააცნეს.
საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების კითხვები ძირითადად გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეების მიღების პირობებს და სასწავლო პროგრამის ძირითად პრინციპებს ეხებოდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა მსგავსი ტიპის საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებში უკვე ჩაატარეს. სამომავლოდ მსგავსი შეხვედრები მარნეულში, ონში, ამბროლაურში, ტყიბულში, საჩხერეში, ჭიათურაში, ხულოში, შუახევში, მცხეთაში, დედოფლისწყაროში, დუშეთში, ყვარელში, ასპინძასა და მესტიაში გაიმართება.