საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომის სკოლის მოსწავლეებთან 04/21/2016 3:17 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

   ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ, მისმა მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ და კადეტებმა ბორჯომის რაიონის სკოლების მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ ბავშვებს ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნო - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ.

   მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ ქედის, ხონის, ონის, ამბორლაურის, ზუგდიდისა, წალენჯიხის, ცაგერისა, ლენტეხის და მესტიის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები პანკისის და თელავის სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა