რობოტექნიკის ბანაკში შეიარაღებული ძალების დღე გაიმართა 07/27/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ერთკვირიანი პროგრამის ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმო. მოსწავლეებისათვის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენის შემდეგ კი მათ მესამე ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა გაგა გელაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოგვიანებით საინტერესო ლექციაში ლიცეუმის მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი ჩაერთო, რომელმაც ბანაკის მონაწილეებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზე ესაუბრა. მოსწავლეთა წინაშე აქტუალური თემით ,,ბულინგი“ წარსდგა ლიცეუმის იურისტი დავით ლომსიანიძე. ლექციების ციკლი კითვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში დასრულდა. მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებისათვის სახალისო შეჯიბრი მოაწყვეს. მათ სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა მოუწიათ. ისინი ერთმანეთს აზიდვებში, ხოხვით გადაადგილებაში, დაშავებულის საკაცით გადაყვანაში, ხელყუმბარის ტყორცნაში და ტვირთის გადაზიდვაში დაუპირისპირდნენ. შეჯიბრში მონაწილეობას მოსწავლეთა ლიდერებიც ღებულობდნენ. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, ასევე საუკეთესო გოგონა და საუკეთესო ვაჟი, რომელთაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან დიპლომები გადაეცათ. რობოტექნიკის ბანაკში სამხედრო სწავლებებსა და სამხედრო დღეს ხელმძღვანელობს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა

ვიდეო