რობოტექნიკის ბანაკი საზეიმოდ დაიხურა 08/19/2018 12:00 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „რობოტექნიკის“ ბანაკი დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ფლეშმობი და პერფომანსი წარუდგინეს. ახალგაზრდებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართეს. მათ ბანაკების მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. „რობოტექნიკის“ ბანაკის დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვითა და ფოიერვერკების გასროლით დასრულდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 17 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით „რობოტექნიკის“ ბანაკში მოსწავლეთა ხუთ ნაკადს უმასპინძლა. მოსწავლეთა თითოეული ნაკადი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ორასოთხმოცდაათამდე მოსწავლეს აერთიანებდა. მათ გაიარეს ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედრო გაკვეთილები, ასევე საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ბანაკის მიზანია, უზრუნველყოს ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა

ვიდეო