კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კიდევ ერთი ახალი გრძელვადიანი პროექტის-"ფილმები სასწავლო პროცესში" განხორციელება დაიწყო. პირველი ფილმი, რომლის ჩვენებაც კინო ''საქართველოში" მოეწყო, არის რიჩარდ ლაგრავენესის დრამა ,,თავისუფლების მწერლები". დასრულების შემდეგ კადეტებმა საინტერესო დისკუსია გამართეს. ფილმის განხილვას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო დანგაძე, რომელმაც კადეტებს წინასწარ დაურიგა შეკითხვები იმისათვის, რათა თავიდანვე სწორად გაემახვილებინათ ყურადღება ფილმში მოცემულ საკვანძო საკითხებზე. პროექტის ფარგლებში პედაგოგებსა და კადეტებს შესაძლებლობა ექნებათ, კინო ,,საქართველოში" ნახონ და განიხილონ მათთვის სასურველი სხვადასხვა ჟანრის ფილმები, რომლებიც გამოეხმაურება არა მხოლოდ სასწავლო პროგრამას, არამედ შეეხება ზოგადსაკაცობრიო თემებსა და მოზარდებისათვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხს. პროექტი, რომელშიც ჩართულია ლიცეუმში მოქმედი ექვსივე საგნობრივი კათედრა, მიზნად ისახავს, სასწავლო პროცესი გახადოს კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი; კადეტებს განუვითაროს კრიტიკული აზროვნებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარები.