პრეზენტაცია ეთას შესახებ 12/03/2020 5:52 PM

ლიცეუმში ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ონლაინ რეჟიმში მიმდინარე შეხვედრას მესამე სასწავლო კურსის კადეტები და მათი მშობლები დაესწრნენ.

შეხვედრის დაწყებამდე კადეტებს ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა.                    ვიცე-პოლკოვნიკმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ხაზი გაუსვა ცხოვრების  გადამწყვეტ ეტაპზე სწორი არჩევანის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში არსებული კარიერული განვითარებისა  და  დასაქმების ჯანსაღ  სისტემას. დამამთავრებელი კურსის კადეტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებისაკენ მოუწოდა. მან ასევე, მადლობა გადუხადა კადეტთა მშობლებს ჩართულობისთვის.

“თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებით  გადვადგი აბსოლუტურად სწორი და გონივრული ნაბიჯი. იგივე მინდა გირჩიოთ თითოეულ თქვენგანს, რადგან ეროვნული თავდაცვის აკადემია არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ყველა იუნკერს, განურჩევლად სოციალური ფენისა და სტატუსისა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აძლევს განვითარებისა და მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას. აკადემია არის გარანტი იყოთ განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე მყოფი ღირსეული ლიდერები“- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

კადეტებისათვის პრეზენტაცია ლიცეუმის ოფიცერმა, მაიორმა ვაჟა ჭელიძემ ჩაატარა. დამსწრე აუდიტორიას  მაიორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა  როგორც აკადემიის  საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების ასევე, იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც ეთა-ს გააჩნია სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით.

ეტაპობრივად მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრებს ორგანიზება მესამე სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა გენადი ჯიბლაძემ გაუწია.