მისაღები გამოცდები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 07/11/2016 10:50 AM

   გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდები გაიმართა. გამოცდებში მონაწილეობა 625-მა აბიტურიენტმა მიიღო.

   თავდაცვის სამინისტროსა და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ გაწეული საინფორმაციო კამპანიის შედეგად ლიცეუმში ერთი ადგილისთვის, საშუალოდ, ხუთი აბიტურიენტი იბრძვის. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 126 ახალგაზრდას მიიღებს. კანდიდატთა უმრავლესობას მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ლიცეუმი წელს პირველად იღებს გოგონებს. 2016-2017 სასწავლო წლისთვის ლიცეუმში განაცხადი 45-მა გოგონამ შემოიტანა.

   მისაღებმა გამოცდებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებმა და უსაფრთხოების სექტორმა დამკვირვებელთა ჯგუფი გამოყვეს, რომლის ზედამხედველობის ქვეშ, ორი დღით ადრე, კენჭისყრის პრინციპით შეირჩა ტესტის ხუთი ვარიანტიდან ერთი. ტესტი დაიბეჭდა და კამერების ზედამხედველობის ქვეშ დაილუქა. ლუქი გამოცდის დღეს გაიხსნა, უკვე შესრულებული ნაშრომები კი საგამოცდო კომისიის მიერ მათ გასწორებამდე ხელახლა დაილუქა. ნაშრომებს მინიჭებული აქვთ კოდები, რათა კონკურსანტთა გვარები შემფასებლებისთვის უცნობი დარჩეს. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება კომისიის სამი სხვადასხვა წევრის მიერ. ამის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს მინიჭებული აქვთ სააპელაციო უფლება, რათა სწორ პასუხებს თავიანთი ნაწერები შეადარონ. საგამოცდო პროცესი კამერებისა და დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რამაც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყო. წლევანდელი მისაღები გამოცდების შედეგად კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა აკადემიური დონის ზრდას ელოდება, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და ლიცეუმის იმიჯის კიდევ უფრო გამყარებას.

   3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო