თანამშრომლობის მემორანდუმი მასწავლებლის სახლთან 12/16/2021 6:22 PM

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ.
 
ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მადლობა გადაუხადა ცენტრს თანამშრომლობისათვის. მან ასევე ისაუბრა მასწავლებელთა და სერჟანტ-ინსტრუქტორთა პროფესიული ზრდის მნიშვნელობაზე.
 
„ჩვენს წინაშე ყოველთვის დგას ამოცანა მასწავლებლები და ინსტრუქტორები მუდმივად ეცნობოდნენ, სწავლობდნენ და იზიარებდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და ექსპერტების გამოცდილებას. ლიცეუმი ყოველთვის ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან გაფორმდა. ცენტრი სწორედ ის დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ბერიკა შუკაკიძეს თანამშრომლობისათვის “ - აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ლიცეუმის ოფიცრები, სერჟანტ-ინსტრუქტორები და მასწავლებლები გაივლიან ცენტრის ტრენინგ-მოდულს „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში და ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგ-მოდული მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: „მოტივაციის ტიპები და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვა“, „ბულინგის არსი და მახასიათებლების გააზრება“, „კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები“, „კონფლიქტის ტიპები და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები“ და სხვა.
 
ცენტრის სწავლებას ეტაპობრივად ლიცეუმის ყველა პედაგოგი, სერჟანტ-ინსტრუქტორი და ოფიცერი გაივლის. პანდემიური სიტუციიდან გამომდინარე ტრენინგები ჩატარდება როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
 
ფოტო გალერეა