გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ვიზიტი 12/02/2021 6:45 PM

დღეს ლიცეუმში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები: გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანი ლეგიონის წარმომადგენლებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გაცნობა იყო. სტუმრებს პრეზენტაცია მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა: მარიამ ფანცულაიამ და ქეთევან ხუნწარიამ წარუდგინეს. მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. ლეგიონი ძალიან კარგ და ღირსეულ საქმეს ეწევა. მისი მიზნებიდან გამომდინარე, მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დაწესებულება კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და მაზნიაშვილის ლეგიონი კარგად იცნობდნენ ერთმანეთის საქმიანობას. საბოლოოდ ჩვენ ყველა ერთი მიზნისთვის - ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვერთიანდებით“- აღნიშნა ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ.

ვიზიტის ფარგლებში ლეგიონის წარმომადგენლები მეორე და მესამე სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდნენ. მათ თავიანთი მიზნების, საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ესაუბრნენ.  

დღის ბოლოს სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

ფოტო გალერეა