მადლობა სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურისთვის 03/10/2020 2:05 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ უფროს სერჟანტ ლერი წითაძეს 18 წლიანი სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას, რომელიც ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, უფროსი სერჟანტ ლერი წითაძის ოჯახის წევრები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის თანამშრომლები დაესწრნენ.

ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ უფროსი სერჟანტი ლერი წითაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა. დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა სერჟანტის ოჯახის წევრებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურისათვის ოჯახის წევრთა თანადგომის მნიშვნელობაზე.

უფროსმა სერჟანტმა ლერი წითაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში 18 წელი იმსახურა. სამსახურის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებში. დაჯილდოებული არის არაერთი სიგელითა და მედლით. მათ შორის, მიღებული აქვს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები თავდაცვის ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის.

 

ფოტო გალერეა