ლიცეუმის  დაარსებიდან 5 წლის იუბილე 09/15/2015 10:22 AM

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა. სამხედრო სასწავლებელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი გასული წლის 15 სექტემბერს მიენიჭა. დღესვე, სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესიც განახლდა.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დაესწრნენ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა მამა დავითმა დალოცა.

მსმენელებს ლიცეუმის დღე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მიულოცა: „ლიცეუმი ჩვენი სამხედრო აკადემიის მნიშვნელოვანი წყაროა. სასწავლო პროგრამებით და მოსწრებით სამხედრო სასწავლებელი საქართველოში პირველ ხუთეულში შედის. უნიკალური სკოლაა და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო კადეტების შემოქმედებითი უნარი და ინტელექტი. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ დაბადების დღეს“.

წელს ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 318-მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.