ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა 02/15/2021 6:03 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესის განახლება აღინიშნა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. სამხედრო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს სასწავლო პროცესის განახლება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძემ და ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ცერემონიალის ფარგლებში დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ლიცეუმის მთავარი სერჟანტი , მთავარი სერჟანტი ავთანდილ ახვლედიანი მედლით - „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დაჯილდოვდა. ასევე, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მორიგი სამხედრო წოდება -„სერჟანტი“ მიენიჭა სამ სამხედრო მოსამსახურეს. დღესვე, სამკერდე ნიშნები, სერტიფიკატები და სიგელები გადაეცათ საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულ კადეტებს.

დღეიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა.

 

ფოტო გალერეა