ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა შედგა 08/06/2020 10:50 AM

დღეს ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა შედგა. მათ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიის თავმჯდომარე მაიორი ზურა ჭელიძე და სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი ლალი გაბადაძე შეხვდა.
მშობლებთან შეხვედრისას ყურადღება ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე და მოსწავლეთა მობილობის პროცედურებზე გამახვილდა.
„ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თქვენი შვილების ცხოვრებაში. მათ საკმაოდ რთული შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რათა ყოფილიყვნენ დიდი და ძლიერი ოჯახის-საქართველოს თავდაცვის ძალების წევრი. მინდა მოგილოცოთ მათი ეს წარმატება. დარწმუნებული ვარ დღეიდან ერთად, შეთანხმებულად ვიზრუნებთ მათ მომავალზე. აქვე მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისათვის. ჩვენ ძალებს არ დავიშურებთ, რომ ამ ნდობას ღირსეულად ვუპასუხოთ“ -განუცხადა მშობლებს მაიორმა ზურა ჭელიძემ.
დღესვე პირველკურსელმა კადეტებმა სამხედრო ფორმები მოირგეს. მათ ლიცეუმში სწავლებისა და ცხოვრებისათვის ყველა საჭირო რესურსით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
წელს ლიცეუმში ჩასარიცხად 121 მოსწავლე შეირჩა, რომელთაგან 24 გოგონაა.
 
ფოტო გალერეა