კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა 09/16/2019 12:00 AM

   ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 9 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. წელს ლიცეუმში 124 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 25 გოგონაა.

   ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს სასწავლო წლის დაწყება და ლიცეუმის იუბილე გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა. დღესვე, სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით წარმატებული კადეტები დაჯილდოვდნენ: საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის - 17, საუკეთესო ფიზიკური მომზადებისთვის - 30 და საუკეთესო მსროლელი - 79. ასევე, სერტიფიკატები მიიღეს საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელმა, საუკეთესო პედაგოგმა და საუკეთესო ინსტრუქტორმა. ღონისძიებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და კადეტთა მშობლები დაესწრნენ.

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმი საქართველოში ერთადერთი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე. ლიცეუმში სასწავლო პროცესი სასწავლო გეგმისა და სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.

ფოტო გალერეა