კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე 12/10/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ელექტრონიკისა და რობოტექნიკის სწავლების წარმატებით დანერგვამ კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „ვიარ სისტემები და ვირტუალური ლაბორატორიები სასწავლო პროცესში“. ამ სიახლეების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და რობოტექნიკის პედაგოგებმა მასწავლებლის სახლში გამართულ „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე“ ისაუბრეს. „კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კვლავ პირველი იქნება საქართველოს საჯარო სკოლებს შორის, რომელიც სპეციალურ პროგრამას შეიმუშავებს და ვიარ სისტემებს სასწავლო სილაბუსებს მოარგებს. ეს სისტემები გაცილებით უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის სასწავლო პროცესს, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების კუთხით. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის და პროგრამების შექმნისათვის ლიცეუმი აქტიურად თანამშრომლობს Fab-Lab ის ლაბორატორიასთან“, - აღნიშნა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ საკუთარ გამოსვლაში. რობოტექნიკის პედაგოგებმა თემურ სახელაშვილმა და გიორგი ჩაჩუამ ლიცეუმში ელექტრონიკისა და რობოტექნიკის სწავლების შედეგებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში“ სხვადასხვა კომპანიის, უნივერსიტეტის, სკოლისა თუ საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა საზოგადოებას ისტ-ის გამოყენების პრაქტიკა და სკოლებში პოზიტიური ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობები გაუზიარეს. კონფერენციის ფარგლებში გამოფენა მოეწყო და დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა.

ფოტო გალერეა

ვიდეო