კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონათა პირველი ნაკადის მიღებისთვის ემზადება 05/23/2016 3:56 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი ბექა კობახიძე 2016 წლის 16-20 მაისს რუმინეთში, ქალაქ ბრეაზას დიმიტრი კანტემირის სახელობისა და ქალაქ ალბა იულიას მიჰაი მამაცის სახელობის სამხედრო ლიცეუმებში იმყოფებოდნენ.

   ორივე ლიცეუმს ევროკავშირის მიერ მინიჭებული აქვს „ევროპული სკოლის“ სტატუსი. ქართულმა მხარემ რუმინული სამხედრო ლიცეუმების მაგალითზე საუკეთესო ევროპული გამოცდილება შეისწავლა. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სასწავლო პროცესსა და საცხოვრებელ გარემოზე დაკვირვება, მატერიალურ-ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზების შესწავლა წარმოადგენდა.

   რუმინული სამხედრო ლიცეუმები თავიანთ რიგებში გოგონებს 2001 წლიდან იღებენ. 2016 წლის სექტემბერში საქართველოში კადეტი გოგონების პირველი ნაკადის მიღება ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ რუმინულ გამოცდილებას დაეფუძნება.

   მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 2017 წელს რუმინული მხარე საპასუხო ვიზიტით გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვევა.

ფოტო გალერეა