კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს 11/07/2020 11:13 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს

5 ნოემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელად ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი დაინიშნა. ბატონი მალხაზი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის  მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ წარადგინა.

„კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი. ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საჩხერის სამთო სკოლის განვითარებაში. “COVID-19” -ის გამო შექმნილია არასტანდარტული სამუშაო გარემო, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. მჯერა,  ლიცეუმის  პირადი შემადგენლობა ბატონ მალხაზთან ერთად, გუნდურად და თავდაუზოგავად იშრომებთ საერთო  შედეგისათვის. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძისადმი, რომელსაც რთულ პირობებში მოუწია დირექტორის მოვალეობის შესრულება.“ -აღნიშნა გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ.

„მადლობა სამეთაურო რგოლს გამოცხადებული ნდობისათვის.  ვარ მაქსიმალისტი და მაღალი მოტივაციით მოსული, რათა ამ  წარმატებულ სასწავლებელს კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვუტანო. საპასუხისმგებლოა ხელმძღვანელობდე ლიცეუმს,  სადაც იზრდება თავდაცვის ძალების მომავალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნას ნატოს სტანდარტებთან თავსებადი გარემო.“- განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის  შტაბის უფროსის, „ნატო“-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის ანალიზის განყოფილების ოფიცრისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის თანამდებობებს. მონაწილეობა აქვს მინაღები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, საფრანგეთში სამთო სკოლების საერთაშორისო ასოციაციის მისიაში და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. გავლილი აქვს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარების ქვეითთა სკოლის ოფიცრის ძირითადი კურსი. ასევე, ლიტვის სამხედრო აკადემიის კაპიტნის საკარიერო კურსი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი. აქვს მაგისტრის ხარისხი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის მედლები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I, II და III ხარისხის მედლები, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ , მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის და მედალი „დიდგორის ჯვარი“.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაარსებიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, 2017 წლიდან 2020 წლამდე კი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე. 

ფოტო გალერეა