კადეტების საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან 03/31/2016 12:27 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

   ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ, მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ და კადეტებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონების სკოლების მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ ბავშვებს ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნო - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ. 

   მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ ქედის, ხონის, ონისა და ამბროლაურის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. აპრილში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა