კადეტების საინფორმაციო შეხვედრა საჩხერისა და ჭიათურის სკოლებში 04/25/2017

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

   ამჯერად, საინფორმაციო შეხვედრა საჩხერისა და ჭიათურის საჯარო სკოლებში გაიმართა. სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პირველი კურსის კადეტებმა - მარეხი მუშკუდიანმა და ვლადიმერ ჩხაიძემ მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

   მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლიცეუმში სწავლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გოგონებმა გამოხატეს. მათი შეკითხვები, ძირითადად, ფიზიკური მომზადების სირთულეებს შეეხებოდა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პასუხები ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ ქალთამზე მელქაძემ გასცა. სამხედრო წესებზე, დისციპლინასა და სწავლებაზე კი, დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდებს ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა მიაწოდა.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ფოთსა და ტყიბულში. საინფორმაციო შეხვედრები ასევე, დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა