კადეტების საინფორმაციო შეხვედრა რაჭის რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან 03/24/2016 11:26 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

   „თუ თქვენ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენთ სამხედრო საქმისადმი, მაშინ ბედნიერი იქნებით ლიცეუმში. ლიცეუმი ეს არის სახლი სახლიდან მოშორებით, სამხედრო წყობით, თვითდისციპლინის სწავლებით, გუნდური მუშაობითა და ლიდერის თვისებების განვითარებით“ -  ამ სიტყვებით დაიწყეს ონისა და ამბროლაურის სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა დავით ჭურაძემ და გიგა მოლაშვილმა. 

   ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ და კადეტებმა მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ ბავშვებს ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნო - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ.  

   „ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ განათლებული პირადი შემადგენლობა - ოფიცრები. ამ განათლებას სჭირდება მაქსიმალური ცოდნა, რის საშუალებასაც იძლევა ლიცეუმი. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ლიცეუმდამთავრებულები მიიღებენ სრულ ზოგად განათლებას და ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეეძლებათ თავისუფლად ჩარიცხვა“, - აღნიშნა ლიცეუმის დირექტორმა საინფორმაციო შეხვედრებისას.

   მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლიცეუმში სწავლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გოგონებმა გამოხატეს. მათი შეკითხვები, ძირითადად, ფიზიკური მომზადების სირთულეებს შეეხებოდა.  

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ ქედისა და ხონის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. აპრილში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის, წალენჯიხის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა

ვიდეო