კადეტები პროფესიული სასწავლებლის გახსნაზე 10/19/2018 12:00 AM

   დღეს ქუთაისში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის-„იბერიის“- სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აშშ მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, პოლონეთის ქალაქ პოზნანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვიესლავ ბანასი, პოლონეთისა და ესტონეთის პროფესიული სასწავლებელის ხელმძღვანელები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და სხვა მოწვული სტუმრები ესწრებოდნენ. პოლონეთის ქალაქ პოზნანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ვისლავ ბანასმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობისა და პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობას. სასწავლებელს საზეიმო დღე ლამაზი პერფორმანსით მიულოცეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხალხური სიმღერის ანსამბლმა (ხელმძღვანელი ნინო გედენიძე) და ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასმა-„მარჯანიშვილელები“.

   მოგვიანებით სტუმრებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც პოლონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მომხსენებლებმა ქვეყნების დამოუკიდებლობის, ორმხრივი თანამშრომლობისა და ქართველი ოფიცრების პოლონურ ჯარში სამსახურის შესახებ ისაუბრეს. სტუმრებს სიტყვით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა-პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. პროფესიული სასწავლებელი „იბერია“ უკვე თორმეტი წელია, რაც არსებობს. დაინტერესებულ პირებს სპეციალური ტესტირების შემდეგ შეუძლიათ ცხრა სასწავლო პროგრამიდან მათთვის სასურველ პროგრამაზე გაიარონ პროფესიული გადამზადება. კოლეჯს სხვადასხვა უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, რომელთა მეშვეობითაც როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ გაცვლითი სასწავლო პროგრამით ისარგებლონ.

ფოტო გალერეა