კადეტთა სამხედრო ლიცეუმის „ღია კარის“ დღე პანკისის ხეობაში 04/22/2016 10:26 PM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა პანკისის ხეობაში „ღია კარის“ დღე გამართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე დაესწრო.

   ჯოყოლოს სკოლაში გამართულ შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორია, სასწავლო პროგრამები და მიღების პირობები კადეტმა გიგა ლოლაშვილმა პრეზენტაციის ფორმატში გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის რექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კეკელიამ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვისა და სწავლების თემაზე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.

   „კადეტთა სასწავლებელი მთელს საქართველოში წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. სასწავლებლის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა სკოლებში მართავენ. დღეს პანკისის ხეობაში მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები შეიკრიბნენ, რათა კადეტთა ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია მოესმინათ. კადეტთა ლიცეუმმა წარმოადგინა ინფორმაცია კვალიფიკაციისა და ხარისხის შესახებ. ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალო სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც იძლევა სრულ განათლებას და სხვადასხვა შესაძლებლობებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე. არ არის აუცილებელი ბავშვმა მაინცდამაინც სამხედრო კარიერა აირჩიოს. მას შეუძლია, კადეტთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით გააგრძელოს სწავლა“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

   დღის ბოლოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კადეტებთან ერთად ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, ჰაასეი (ალექსი) აჭიშვილის საფლავზე მივიდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ფოტო გალერეა

ვიდეო