ჯარისკაცების შვილები III ქვეით ბრიგადასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 10/05/2018 12:00 AM

 თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG)   ფარგლებში, ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში „მომავლის ჯარისკაცებს“ უმასპინძლეს.   ამავე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის დათვალიერების, სამხედრო მოსამსახურეებთან  გასაუბრების,  მათი სამუშაო და საცხოვრებელი  გარემოს გაცნობის საშუალება მიეცათ. ბრიგადის ხელმძღვანელობამ ბავშვებს სამხედრო ქვედანაყოფის შექმნის ისტორიისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  „მომავლის ჯარისკაცებმა“ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი  ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალთან  მიაგეს. შემდეგ კი, ბაზაზე მდებარე ეკლესიაში სპეციალურად ბავშვებისთვის მამა გოჩამ საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა.   მოგვიანებით სტუმრებმა  პირად შემადგენლობასთან  ერთად ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.

III ქვეითი ბრიგადიდან სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გადაინაცვლეს, სადაც  კადეტებთან შეხვედრისა და ლიცეუმის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციების  მოსმენის გარდა,   სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.  სამხედრო თემატიკის  კონკურსებსა და ვიქტორინის სახით ორგანიზებულ  შეჯიბრში  სტუმრებთან ერთად, კადეტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.  კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ლიცეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჯარისკაცების შვილებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ უმასპინძლა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

„მომავლის ჯარისკაცების“ III ქვეით ბრიგადასა და  კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ ქუთაისის მერიის, ასევე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის,  საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციისა  და ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ მხარდაჭერით განხორციელდა.  „მომავლის ჯარისკაცების“ სამხედრო ბაზებზე სტუმრობა   საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ცნობიერების  ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობასა და მათში მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

ფოტო გალერეა

ვიდეო