იუნკერები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 05/08/2017

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადეემიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით პერიოდულად ლიცეუმში სტუმრად ჩამოვლენ იუნკერები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან ლიცეუმში. ვიზიტის ფარგლებში ისინი კადეტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, თავად მოუყვებიან აკადემიაში არსებული სასწავლო პირობების და იმ პრივილეგიების შესახებ, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიას გააჩნია სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შედარებით. პროექტის მიზანია დავეხმაროთ კადეტებს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმაში - საკუთარი მომავლის განსაზღვრაში, პროფესიის არჩევაში. პროექტის ფარგლებში ლიცეუმს ესტუმრა 8 იუნკერი, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კადეტებთან ერთად. ისინი ჩართული იყვნენ კადეტთა დღის განრიგით გათვალისწინებულ აქტივობებში. ,,მოგეხსენებათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა აბარებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ამიტომაც კადეტებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აკადემიის შესახებ. გამომდინარე აქედან, იუნკერებისაგან მიღებული ინფორმაცია მათთვის არის ძალიან ფასეული. პროექტი პირველად განხორციელდა და ვფიქრობთ მომავალშიც გაგრძელდება, რაც გაფორმდება მემორანდუმის სახით ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის“ -განაცხადა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა

ვიდეო