იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები 11/22/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საერთაშორისო პროექტი - ,,მეტი შეგვიძლია“ განხორციელდა. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარეს. საარჩევნო პროცესი ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირველი სასწავლო კურსის ხუთივე ჯგუფმა წარმოადგინა საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ამომრჩევლებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. კანდიდადტებმა: დავით გეგუჩაძემ ( I სასწავლო ჯგუფი); ლაშა აბულაძემ (II სასწავლო ჯგუფი); ნათია ნოდიამ (III სასწავლო ჯგუფი); ლუკა ჩადუნელმა (IVსასწვლო ჯგუფი) და თორნიკე ბობოხიძემ (V სასწავლო ჯგუფი) საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ ოპონენტთა და ამომრჩეველთა კითხვებს უპასუხეს. პროგრამების წარდგენა კადეტთა კლუბში შედგა და მას ლიცეუმის დირექცია, პედაგოგიური პერსონალი, სასწავლო კურსის უფროსები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. პროექტის მეორე ეტაპი უშუალოდ საარჩევნო პროცესს დაეთმო, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული. ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტმა ლაშა აბულაძემ მოიპოვა. პროექტის განხორციელება სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქალთამზე მელქაძემ უზრუნველყო, ტექნიკური მხარდაჭერა კი ინფორმატიკის პედაგოგმა ქეთევან ფესტვენიძემ. პროექტი საერთაშორისო პროგრამა ,,Under 18” -ის საფუძველზე განვითარდა. ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებში და ახალგაზრდებში. მისი მიზანია მომავალი თაობების ფორმირების პროცესში არჩევნების როლისა და მასში მოქალაქეთა მონაწილეობის გააზრების ხელშეწყობა. ,,Under 18“ პირველად ბერლინში 1996 წელს ჩატარდა. დღეისათვის კი ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. საქართველოში პროექტი დამკვიდრდა 2016-2017 სასწავლო წლიდან.

ფოტო გალერეა