„გვირილობის“ დღესასწაული 05/02/2018 12:00 AM

   დღეს ქუთაისი ,,გვირილობის“ დღესასწაულს ზეიმობს.
ქუთაისის მერიის ორგანიზებით ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა დილიდან სუფევდა. დღესასწაულს კადეტებიც შეუერთდნენ. მათ ცენტრალურ ბაღში გამართულ კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ,,ვარადო“-ამ სიმღერითა და გვირილების თაიგულებით მიულოცეს კადეტებმა ქუთათურებს ქალაქის დღესასწაული.
   კონცერტის დაწყებამდე კადეტებმა მცირე პერფომანსი მოაწყვეს, რასაც შეკრებილი საზოგადოების გულთბილი შეფასება მოჰყვა. მათ მიერ შესრულებულ ხალხური სიმღერების პოპურს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი, ქუთაისის ოპერის ღვაწლმოსილი მომღერალი, ცნობილი ტენორი რამაზ კუბლაშვილი შეუერთდა.
   კულტურული ღონისძიების პარალელურად კადეტებმა მუხნარის ტყეში გამართულ სპორტულ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა. ტურიზმის ტექნიკაში არკადი ჩაკვეტაძის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქუთაისის სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულ და მხიარულ შეჯიბრში კადეტებმა მესამე ადგილი მოიპოვეს. ამისათვის ისინი თასით, მედლებითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ.
   დატვირთული და მრავალფეროვანი დღის ბოლოს კადეტები ქალაქური მუსიკის კონცერტსა და დავით ტურაშვილის საჯარო ლექციას დაესწრნენ.

ფოტო გალერეა