ღია კარის დღე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 06/06/2018 12:00 AM

   დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და სასწავლებლის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა, შემდეგ კი, მათ კადეტებმა დაჩი ბოგვერაძემ და ანი ონიანმა პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. შეკითხვებს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია და სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ლევან მიქიაშვილი პასუხობდნენ. შეკითხვები ძირითადად სასწავლო პროგრამებსა და ლიცეუმში მიღების პირობებს შეეხო. მოგვიანებით ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ბოლოს კი საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკს ესტუმრნენ. სახალისო ექსპერიმენტები, რობოტექნიკა, ელენკო, დისტანციური მართვის ხელსაწყოს მეშვეობით სხვადასხვა ექსპრიმენტები, მარტივი მექანიზმების გამოყენებით ადამიანის შრომის შემსუბუქების დემონსტრირება, ოპტიკისა და ელექტროობის ხელსაწყოების დახმარებით ფიზიკის კანონების დამტკიცება, ადამიანის ორგანოების მულაჟები და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კადეტებმა დამთვალიერებლებს წარუდგინეს.

ფოტო გალერეა