გენერალ გიორგი კვინიტაძე საქართველოში გადმოასვენეს 05/26/2021 8:01 PM

100 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი კვინიტაძე საქართველოს დაუბრუნდა. გენერალი უკანასკნელ გზაზე სამების საკათედრო ტაძრიდან საქართველოს მთავრობის, თავდაცვისა და საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელობასთან ერთად, კადეტებმა გააცილეს.
 
სპეციალურად ამ დღისთვის, კადეტებს საუკუნის წინანდელი ქართული არმიის სამხედრო ფორმა ეცვათ და ისტორიული სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ.
 
სიმბოლურია რომ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2014 წლიდან გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს. გენერალს კადეტთა კორპუსის და ქართული არმიის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 1919 წელს თბილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა გაიხსნა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც სწორედ გიორგი კვინიტაძე გახდა. გენერალი ძალღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი თანამედროვე არმიების დარი გამხდარიყო. “დავხმარებოდი სათაყვანებელ სამშობლო – საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეს, იყო და არის ჩემი უწმინდესი მოვალეობა” წერს მოგვიანებით ემიგრაციაში სამშობლოს ბედ-იღბლით დადარდიანებული გენერალი.
 
ფოტო გალერეა