ფრანგული ენის მასწავლებელთა კონფერენცია 11/27/2021 8:59 PM

„პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“ - ამ სახელწოდებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ფრანგული ენის პედაგოგი მირანდა ლომიძე ღებულობს. მასწავლებლის საკონფერენციო ნაშრომი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში არსებულ ფრანგული ენის მიმართულებასა და სწავლების მეთოდიკას ეთმობა.

ფრანგული ენის მასწავლებელთა კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა და მას ორგანიზებას ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა უწევს. კონფერენცია დისტანციურ რეჟიმში, ორი დღე გაგრძელდება. პირველი დღე კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებს დაეთმობა, მეორე დღე კი პრაქტიკულ და ჯგუფურ სამუშაოებს.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნას საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საფრანგეთის ელჩმა, ბატონმა დიეგო კოლასმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ფრანგული ენის სწავლების კუთხით მიმდინარეობს საქართველოში. მან ხაზი გაუსვა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფრანგული ენის სწავლების როლს.

აღსანიშნავია, რომ წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფრანგული ენის სწავლება დაიწყო. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გეგმავს საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობას. ამ მიზნით რამდენიმე სამუშაო შეხვედრა შედგა საფრანგეთის ელჩთან და საფრანგეთის სამხედრო ატაშესთან.