ფაშიზმზე გამარჯვების დღე 05/09/2018 12:00 AM

   ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ომის ვეტერანებისათვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, სხვადასხვა მხატრული, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა, აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტებმა და გელათის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდმა ,,იადგარი“. ,,მეორე მსოფლიო ომმა შემზარავი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. სიკვდილმა და ნგრევამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია ომში ჩათრეულ სახელმწიფოებში. პატარა საქართველომ, რომელიც მაშინ უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხუთწლიან სასაკლაოზე, ცრემლიანი თვალებით გააცილა თავისი გენოფონდის საუკეთესო ნაწილი, დაახლოებით შვიდასიათასი მეომარი და ზურგსაც გმირულად უმაგრებდა ქვეყანას. ახლა სულ სხვა ეპოქაა, სხვა გამოწვევებით. თუმცა, ქართული სისხლი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სამშობლოს სიყვარულისთვის ჩქეფდა დღესაც იგივეა. დღესაც ხმაურით მოედინება ჩვენს, კადეტების, სამშობლოს მომავალი დამცველების ძარღვებში. პატივისცემით ვიდრეკთ თავს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა გმირი ქართველის წინაშე“- აღნიშნეს კადეტებმა ვეტერანებთან შეხვედრისას. კადეტების მიერ წარდგენილ ღონისძიებას ხელმძრვანელობდა პედაგოგი ნინო გედენიძე.

ფოტო გალერეა