ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი ლიცეუმში 12/01/2015 12:00 AM

  გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა ევროკავშირის დამკვირებელთა ჯგუფი: კრისტიან ედელჰორსტი,დენის კოპიეტესი, გიულიო სავინა, რობერტ კრაუსი, ისინი შეხვდნენ ლიცეუმის პირად შემადგენლობას და წარუდგინეს პრეზენტაცია მისიისა და გენდერული თანასწორობის  შესახებ. აღნიშნულმა სიტუაციამ დიდი ინტერესი  გამოიწვია და შეხვედრის დასასრულს კითხვები დაუსვეს სტუმრებს , როგორც კადეტებმა, ასევე ლიცეუმის თანამშრომლებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (European Union Monitoring Mission)  შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა და საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. ევროკავშირის 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 12 აგვისტოს  ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობას აკვირდებიან. მისიის მანდატი ცალსახად განსაზღვრავს მისი მოქმედების არეალს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. თუმცა, დღემდე მოსკოვი, ცხინვალი, სოხუმი ევროკავშირის დამკვირვებლებს საშუალებას არ აძლევენ, შევიდნენ  ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და სრულად განახორციელოს მანდატით დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად, მისია, ფაქტობრივად, მხოლოდ ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას აკვირდება და დღემდე მასთან წარმატებულად თანამშრომლობს. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას  და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ასევე,  შესაბამის მიდამოებში ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობით, მისია ზოგადად უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

  მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის  სამომავლო ჩართულობას  უწყობს  ხელს.

 ფოტო გალერეა